14:50:23     27-04-2011
ჯონ მილტონის "დაკარგული სამოთხის" საფასური
დიდი ინგლისელი პოეტის, ჯონ მილტონის (John Milton) თითქმის ყველა ბიოგრაფი ახსენებს ერთ მეტად არასასიამოვნო ფაქტს, რომლის მსგავსი, ხანდახან ხდება ხოლმე დიდი შემოქმედების ცხოვრებაში.
1660 წელს ინგლისში აღდგა მონარქია. ქრომველის დიქტატურა დასრულდა. ქრომველის მომხრის, თანამოაზრის, მეგობრისა და თანაშემწის ჯონ მილტონის საქმეები კარგად როგორ წავიდოდა. მეფის დასჯის ერთ-ერთი იდეოლოგის, დიდი პოეტის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მას ქონება ჩამოართვეს. კიდევ ადვილად გადარჩა. ამ დროისათვის ის უკვე საკმაოდ გატეხილი იყო ფიზიკურად. ოჯახში უსიამოვნება ჰქონდა ქალიშვილებთან. საყვარელი ცოლი, "ქერა ანგელოზი" გარდაცვლილი იყო. ორივე თვალით დაბრმავდა. პოეტის და მოაზროვნის, რევოლუციონერის ჯონ მილტონის ნაშრომები იდევნებოდა.
ამან მეტი წყურვილი გაუღვივა შემოქმედებისა. გაუტეხელი რევოლუციური პოეტის ბუნება დანებებას არ აპირებდა. ამ პერიოდში იშვა ისეთი ნაწარმოებები, რომლებმაც ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი პოეტის სახელი მოუტანეს დაბრმავებულ გენიოსს.
ზოგი ჭირი მარგებელიაო, და მიტოვებულმა და დაბრმავებულმა მილტონმა მოიცალა აესრულებინა თავისი ოცნება, დიდი ეპიკური ნაწარმოები შეექმნა. ჯერ მეფე არტურზე უნდოდა დაეწერა. მერე გეგმა შეიცვალა და შეიქმნა "დაკარგული სამოთხე". როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ბიბლიური პერსონაჟების შესახებ დაწერილ პოემაში გადმოცემულია პოეტის განწყობა მისი თანამედროვე ინგლისის სინამდვილისადმი. თუმცა ეს მხოლოდ ზოგიერთი კრიტიკოსის აზრია. რა თქმა უნდა, იქნებ ინგლისის სინამდვილემ უბიძგა ალეგორიული ნაწარმოების შექმნისაკენ, მაგრამ "დაკარგულ სამოთხეში" თუ იდილიური სამოთხეცაა დახატული, ასევე არის გადმოცემული ეშმაკის გაბოროტებაც, რისი მიზეზიც მისი დაუოკებელი წყურვილი იყო თავისუფლებისადმი. ეს გასათვალისწინებელია, ზედმეტი თავისუფლება ბოროტებას შობს.
იმდენად მაღალმხატვრულად არის აღწერილი სხვადასხვა მოქმედებები პოემაში, რომ მილტონის სახელი მერე ღმერთის მოწინააღმდეგე ბოროტ ძალას დაუკავშირეს. უილიამ ბლეიკს მასზე უთქვამს, მილტონი იყო "ნამდვილი პოეტი და თავისდაუნებურად ეშმაკისეულიო". დიდი პოეტი "დაკარგულ სამოთხეს" 7 წელი წერდა. 1665 წელს დაასრულა. იმ დროს შავი ჭირი მძვინვარებდა ინგლისში.
პოეტმა ამ დიდებულ ნაწარმოებში მიიღო მხოლოდ 10 გირვანქა სტერლინგი. მართალია, გირვანქა სტერლინგი მაშინ კარგი ფული იყო, მაგრამ, 10 გივანქა სტერლინგი ვერაფრით ვერ გამოხატავდა მინიმალურადაც კი იმ ფასს, რაც შეუფასებელი ნაწარმოების შემქმნელს ეკუთვნოდა. მაგრამ, სიღარიბე და გაჭირვება, დამარცხებული პოლიტიკური იდეების ავტორისათვის სრულიად რეალური პრობლემა იყო და რა უნდა ექნა გაჭირვებულ და დაუფასებელ დროში?
თუმცა არა, პოემა 18 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, მაგრამ პოეტმა მხოლოდ 10 აიღო. დანარჩენი მის მემკვიდრეებს ერგოთ პოეტის სიკვდილის მერე. მღვდელი, რომელმაც მილტონი სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა, თურმე იგონებდა: "მილტონი დაფხავებული ფიცრული სახლის ერთ პაწაწინა ოთახში ვნახე. სინესტის გამო კედლები ოთახს ობით ჰქონია დაფარული. სავარძელში იჯდა, შავი ტანსაცმელი კოხტად ადგა ტანზე. ფერმკრთალი იყო, მაგრამ ეს არ ჰგავდა ავადმყოფურ ფერმკრთალობას, მიუხედავად იმისა, რომ ნეკრესის ქარებისაგან იტანჯებოდა. ხელის მტევნები ერთიანად დაემახინჯებინა სნეულებას, მაგრამ სახეზე ვერ შეატყობდი საშინელი ტკივილის კვალს”...
ამბობენ, რომ მილტონმა "დაკარგული სამოთხე" მეგობარს წააკითხა, მეგობარს უკითხავს: "სამოთხის დაკარგვა კი გვაჩვენე, მაგრამ დაბრუნებას როდისღა გვაჩვენებო". ამის შედეგად, მილტონს შეუქმნია შემდეგი შედევრი, პოემა "დაბრუნებული სამოთხე". შემდეგ ამას მოჰყვა "სამსონი". თავის გაუხარელ სიბერეს ჯონ მილტონმა ეს სტრიქონები უძღვნა:
"მიდიან დღენი, ზამთარს მოსდევს კვლავ გაზაფხული
ჩემთვის კი არა, დღე აროდეს გამითენდება!
ვეღარ ვიხილო ტკბილი დილის მოახლოება
ვეღარც საღამო სანუკვარი, ნახირი, მწყემსი,
ვერც გაზაფხულის ყვავილები, ზაფხულის ვარდი...
ვერ განვიცადო ღვთაებრივი მშვენიერება.
შემომხვევია გარს ღრუბელი. მარადი ბნელი
მისპობს ყოველგვარ ნეტარებას, ადამიანურს.
და ცოდნის წიგნი, ეს ბუნების შეცნობის წყარო,
ჩემთვის ჩაშავდა, დაიხურა და წაიშალა,
გზა სიბრძნისაკენ - დასაწყისში გადამეღობა.
მით უფრო ძლიერ, ღვთაებრივო სინათლის წყაროვ.
მე შინაგანად განმანათლე, სულიერ ძალებს
შუქი მოჰფინე, ჩამისახე თვალები სულში,
გაჰფანტე სულმთლად, გადასწმინდე მისგან ბურუსი,
რომ ყველაფერი დავინახო, ვიუბნო ყველას
რასაც ვერა სჭვრეტს ვერასოდეს მოკვდავის თვალი“...
1674 წელს ჯონ მილტონი გარდაიცვალა.
მილტონი წერდა:
"ის კი არ არის ერეტიკოსი, რომელიც თავისებური გაგებით უდგება წმინდა წერილს, არამედ ის, ვინც წმინდა წერილზე დაფუძნებული, თავისი სინდისისა და შეგნების, საწინააღმდეგოდ იქცევა ეკლესიის მითითებით. "
"ერი, რომელიც ვერ მართავს თავის თავს და ეძლევა თავის უაზრო ჟინს, ვნებებს, დაპყრობილი იქნება უცხო ბატონების მიერ, რომლებიც არ აურჩევია და მათი მსახური იქნება არა საკუთარი ნებით, არამედ იძულებით."
0